ოქროს სამკაული საქართველოში

ოქროს სამკაული საქართველოში
ოქრო უძველესი ძვირფასი ლითონია, რომელიც მსოფლიოს ყველა ცივილიზაციისთვის სიმდიდრისა და მარადიულობის უნიკალურ სიმბოლოს წარმოადგენს.
ათასწლეულების მანძილზე, ადამიანები ოქროს იყენებდნენ მშვიდობისა და ომიანობის დროს, რთავდნენ საბრძოლო იარაღებს, სამეფო გვირგვინებს, სამკაულებსა და სხვა ნივთებს - ეს ყველაფერი ოქროს მფლობელის სოციალურ სტატუსსა და სიმდიდრეს უსვამდა ხაზს. დიდი ხნის მანძილზე, ოქრო ფულის ერთეულის ფუნქციასაც ასრულებდა.
სხვა ძვირფას ლითონებთან შედარებით, ოქრო უფრო დამყოლი და მარტივად დასამუშავებელი მასალა იყო პირველი ოქრომჭედლებისთვის, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო განამტკიცებდა. ითვლებოდა, რომ ოქრო ისეთივე მდგრადი და ბრწყინვალე იყო, როგორც უძველესი მეფეებისა და მეომრების დიდება.
ოქროს ისტორია საქართველოში
ოქროს მოპოვებას საქართველოშიც დიდი ისტორია აქვს, ამაზე არგონავტების ლეგენდის გარდა ძველი ბერძნული და რომაული წყაროებიც საუბრობენ.
რაც შეეხება ოქრომჭედლობას, ეს საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულიდან იღებს სათავეს. რთული და ნატიფი ნაკეთობები მოწმობენ, რომ ოქრომჭედლური ტექნიკა მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია ძველი კოლხეთის სამეფო. "ოქრომრავალ კოლხეთში" როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ, აღმოჩენილია უძველესი, დახვეწილი სამკაულები, მათ შორის დიადემა, სასაფეთქლეები, ყელსაბამები და სამაჯურები, ტანისამოსის მოსართავი ოქროს ფირფიტები და სხვა ძვირფასი ნაკეთობები.
ოქროს სამკაულები სხვადასხვა კულტურის ისტორიას გვიყვებიან. საქართველოშიც, ოქროს ნაკეთობებზე დატანილი გამოსახულებების, სიმბოლოებისა და წარწერების შესწავლით კოლხეთის სამეფოს შესახებ უამრავ საინტერესო დეტალის აღმოჩენაა შესაძლებელი.
მაგალითად, ამ აღმოჩენებზე დაკვირვებით, ჩვენ დაახლოებით ვიცით, როგორ იმოსებოდნენ დიდგვაროვანი ქალები. სამარხებში ნაპოვნია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს ფირფიტები, რომელიც ტანისამოსის გასაფორმებლად გამოიყენებოდა. სასაფეთქლეები და დიდი ზომის დიადემები კი მიუთითებენ, რომ წარჩინებული ქალები დიდი მოცულობის ვარცხნილობას, ან თავსაბურავებს ატარებდნენ.
ასევე, საინტერესოა, რომ აღმოჩენილ სამკაულებზე ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა ცხოველის - ხარის, ცხენის, ირმის, ლომისა და კუს რელიეფური გამოსახულებები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაკეთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ და მათ გამოცდილი და ამ საქმეში დახელოვნებული ოსტატები ამზადებდნენ.
კუს გამოსახულებებიანი ყელსაბამი
ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი ვანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყელსაბამია კუს გამოსახულებით, რომელიც ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება.
ესაა გრანულაციისა და ფილიგრანის ტექნიკის გამოყენებით დამზადებული სამკაული, რომელიც უნიკალურია სწორედ მისი მთავარი პერსონაჟის - ხმელეთის კუს გამო. ჩვენთვის ცნობილ ანტიკურ სამკაულებს შორის კუს გამოსახულება სხვაგან არ გვხვდება, რაც ადასტურებს, რომ ეს ნაკეთობა ნამდვილად აქაა დამზადებული. საინტერესოა ისიც, რომ ხმელეთის კუს ეს სახეობა მართლაც იყო კოლხეთში გავრცელებული.
საყურე მხედრის გამოსახულებით
ეს რთული და დახვეწილი ოქროს საყურე ვანში, წარჩინებული ახალგაზრდა ქალის სამარხში აღმოაჩინეს. ის ძვ.წ. IV საუკუნითაა დათარიღებული. ოვალურ რგოლზე დამაგრებულია წყვილი მხედარი, მათ ქვემოთ კი ძეწკვებით ჩამოკიდებული რკოს მსგავსი ნაკეთობები.
გარდა იმისა, რომ საყურე რამდენიმე ელემენტისგან შედგება, თითოეული ეს ელემენტი გასაოცარი დეტალებითაა გაფორმებული.
მხედრები აღჭურვილნი არიან წელზე დამაგრებული ქამრითა და საისრეებით, ცხენებს შუბლზე აქვთ გამოსახული სამკუთხედი - გამორჩეულობის სიმბოლო, ერთ-ერთ ცხოველს გავაზე აქვს დატანილი მზისა და მარადიულობის ნიშანი და ა.შ.
ოქროს დიადემა
ვანის აკლდამაში აღმოჩენილი ეს ოქროს დიადემა ძვ.წ. V საუკუნეში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ თავსამკაული რელიგიურ დატვირთვას ატარებს და მისი მფლობელი შესაძლოა რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყო სარიტუალო მსახურებასთან.
დიადემას ტრაპეციის ფორმა აქვს და მასზე სამგანზომილებიანი, რელიეფური სიუჟეტია დატანილი. ოქროს ფირფიტებზე გამოსახულია ორ ლომის შორის მომწყვდეული ხარი, რაც სიცოცხლისა და სიკვდილის დაპირისპირებას ასახიერებს.
დიადემა საკმაოდ მოცულობითია და ქალის თავის დიამეტრს აჭარბებს. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას დიდ ვარცხნილობაზე ან თავსაბურავზე იკეთებდნენ.
სასაფეთქლე
კიდევ ერთი რთული და რამდენიმე ელემენტისგან შემდგარი სამკაული - ოქროს სასაფეთქლე ახალგორის განძიდანაა და ძვ.წ. IV საუკუნითაა დათარიღებული.
ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუში თავის თავში კოლხურ და აქემენიდურ ოქრომჭედლობის ტრადიციას აერთიანებს. მასში შერწყმულია მცენარეული, გეომეტრიული და ცხოველური გამოსახულებები.
სამკაულებში გამოყენებული მცირე დეტალები და შესრულების ტექნიკა მკვლევარებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დასრულებული სამკაული.
ოქროს ნაკეთობის თითოეული დეკორაცია თუ რელიეფი ჩვენს თვალწინ აცოცხლებს დიდი ცივილიზაციის ისტორიას. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი განძი ცხადყოფს, რომ ამ მხრივ საამაყო ნამდვილად ბევრი გვაქვს - აქ მცხოვრებ ადამიანებს ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი ოქრომჭედლობა.
მსგავსი სტატია: საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ