ოქროს მოპოვება

როგორ მოიპოვება ოქრო?
პირველი, რაც გვახსენდება, როდესაც ოქროს მოპოვებაზე ვსაუბრობთ, ალბათ ჩაფხუტიანი მაღაროელია, რომელიც მიწისქვეშა საბადოში მუშაობს. სინამდვილეში კი, ოქროს მოპოვება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
ოქროს საბადოსთვის სწორი ადგილის შერჩევას, ოქროს ეფექტურად და უსაფრთხოდ მოპოვების გზების შესწავლას და რისკების გათვალისწინებას, საშუალოდ, 10-დან 20 წლამდე სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ოქროს პირველი მადნის მიწის ზედაპირზე ამოტანა.
ადგილის შერჩევა მაღაროსთვის
იმ ადგილმდებარეობის შერჩევა, საიდანაც ოქროს მოპოვება იქნება შესაძლებელი რთული და კომპლექსურია. ეს ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ექსპერტების - გეოგრაფების, გეოლოგების, ქიმიკოსებისა და ინჟინრების თავდაუზოგავი შრომა სჭირდება.
იმის ალბათობა, რომ კომპანიის შერჩეულ ადგილას მართლაც იქნება ოქროს მოპოვების შესაძლებლობა, ძალიან დაბალია, დაახლოებით 0.1%. მსოფლიოში არსებულ მაღაროებს შორის მხოლოდ 10% შეიცავს ძვირფასი ლითონის ისეთ რაოდენობას, რომელიც ფინანსურ დანახარჯებს ამართლებს.
მაღაროს მშენებლობა
თუ კომპანიას გაუმართლა და მართლაც აღმოაჩინა შესაბამისი ადგილმდებარობა, ის შემდეგ ეტაპზე, მაღაროს მშენებლობაზე გადავა.
პირველ რიგში, კომპანიას დოკუმენტაციის შეგროვებაზე ზრუნვა მოუწევს. მშენებლობის ნებართვის მიღება ქვეყნის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული, ზოგჯერ, ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება.
მაღაროს დაპროექტება არანაკლებ შრომატევადი ეტაპია. არქიტექტორებმა უნდა დაგეგმონ არამხოლოდ მაღაროს, არამედ მასთან დაკავშირებული სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დამხმარე შენობა-ნაგებობები აუცილებელია არამხოლოდ საოპერაციო და ლოჯისტიკური სამუშაოებისთვის, არამედ აქ დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობისთვის. ხშირად, მაღაროების გარშემო მცირე ზომის ქალაქის ტიპის დასახლებებიც კი ჩნდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ოქროს მოპოვება
ოქროს მოპოვების პროცესი საბადოს ტიპის მიხედვით განსხვავდება. დღეს მსოფლიოში აქტიურ მაღაროებს შორის 60% მიწისზედაა, რაც ნიშნავს, რომ ოქრო სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მიწის ზედაპირიდან მოიპოვება.
მაღაროელები მოიპოვებენ ოქროს მადანს, რომელიც შემდეგ მუშავდება. დამუშავება გულისხმობს ქვისა და მადნის გარდაქმნას მნიშვნელოვანი სისუფთავის მეტალის შენადნობად. ეს ნაერთი - ცნობილია როგორც დორე - ჩვეულებრივ შეიცავს 60-90% ოქროს.
ოქროს ფასი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოქროს მოპოვებაზე. უფრო მაღალი ფასების დროს, დაბალი კლასის მადნის მოპოვება მომგებიანი ხდება, რადგან უფრო მაღალი ფასი ანაზღაურებს ხარჯებს. როდესაც ფასი დაბალია ან ხარჯები იზრდება, მხოლოდ უფრო მაღალხარისხოვანი მადნების მოპოვება და დამუშავებაა მიჩნეული გამართლებულად.
რადგან მაღაროს მშენებლობა და ოქროს მოპოვება ხანგრძლივი პროცესია, გეგმა მუდმივად იცვლება. კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად მოერგონ საბაზრო პირობებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას.
მაღაროს დახურვა
მაღაროს მიერ ოქროს მოპოვების შეწყვეტას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამოიწუროს ოქროს რესურსი, ან იმდენად შემცირდეს, რომ მისი მოპოვება აღარ იყოს მომგებიანი.
ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა კომპანიებისგან მაღაროს ეთიკურ დახურვას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ საბადოს ადგილმდებარეობას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს. ეს ისეთივე საპასუხისმგებლო და ძვირი პროცესია, როგორც მაღაროს მშენებლობა. დახურვიდან 5-10 წლის მანძილზე კომპანია ვალდებულია მეთვალყურეობა გაუწიოს ტერიტორიას და იზრუნოს მის რეაბილიტაციაზე.
ფოტოებზე წარმოდგენილია საერთაშორისო კომპანია ნიუმონტის კუთვნილი საბადო, რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ.